|
პირდაპირი კოტირება – პირდაპირ კოტირებასთან (გამოსახვა) საქმე გვაქვს მაშინ, როცა უცხოური ვალუტის ერთი ერთეული (აშშ დოლარი) გამოისახება ადგილობრივი ვალუტის მიხედვით. მაგალითად, კურსი USD/CHF = 1.2922 პირდაპირი კოტირებაა, ვინაიდან, გვიჩვენებს რამდენი შვეიცარული ფრანკი ღირს ერთი დოლარი. პირდაპირი კოტირებაა ასევე USD/JPY = 111.12 – რამდენი იენა ღირს ერთი დოლარი. სიმარტივისა და უნიფიცირებისათვის მსოფლიო სავალუტო ბაზარზე გამოიყენება პირდაპირი კოტირებები. არაპირდაპირი კოტირება – ადგილობრივი ვალუტის ერთი ერთეული გამოისახება უცხოური ვალუტის მიხედვით. მაგალითად, კურსი GBP/USD = 1.7625 არაპირდაპირი კოტირების მაგალითია, რომელიც გვიჩვენებს რამდენი დოლარი ღირს ერთი ფუნტი. Fორეხ-ზე ძირითადად გვხვდება შემდეგი არაპირდაპირი კოტირებები: EUR/USD, GBP/USD, AUD/USD (ავსტრალიური დოლარი). ნებისმიერი კოტირების დროს ვალუტას, რომელიც სავალუტო წყვილში პირველი იწერება, საბაზისო ვალუტა ეწოდება. მაგალითად, EUR/USD-ში EUR საბაზისო ვალუტაა, USD/CHF-ის შემთხვევაში საბაზისო ვალუტაა აშშ დოლარი. კროს-კურსები. – კროს-კურსი გულისხმობს საკურსო წყვილს, რომლის განსაზღვრაშიც არ მონაწილეობს დოლარი. მაგალითად, EUR/JPY = 135.14 (ევრო-იენა) კროს-კურსია. თუ დავაკვირდებით კროს-კურსების მოძრაობის გრძელვადიან ტრენდს, დავინახავთ, რომ ჩვეულებრივი კურსებისგან განსხვავებით (აშშ დოლარის მონაწილეობით), უფრო ნელა და მდორედ მერყეობს. მაგალითად, EUR/CHF კურსი 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის ივლისამდე 1.5900-სა და 1.5000-ს შორის მერყეობდა, მაშინ, როცა ცალ-ცალკე EUR/USD და USD/CHF კურსები იგივე დროის შუალედში, შესაბამისად ევრო-დოლარი მოძრაობდა, 1.3600-სა 1.0100-ს შორის და დოლარი-ფრანკი 1.4200-სა და 1.1000-ის ფარგლებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფორექსზე გარიგებების უმეტესი ნაწილი იდება აშშ დოლარის მონაწილეობით და კროს-კურსული ბაზარი ნაკლებ ლიკვიდურია. ასევე, კროს-კურსის ფორმირებაზე იშვიათად ახდენს გავლენას ფუნდამენტალური ფაქტორები. როგორ გამოითვლება კროსკურსები: მაგალითად გამოვითვალოთ კურსი EUR/CHF. მოცემული გვაქვს USD/CHF = 1.2922 და EUR/USD = 1.2045. ამ შემთხვევაში, რადგან ერთი პირდაპირი კოტირებაა (აშშ დოლარი-ფრანკი) და მეორე არაპირდაპირი (ევრო-დოლარი), ამიტომ, მოხდება მათი გადამრავლება და მივიღებთ EUR/CHF = 1.5564. გავიანგარიშოთ კურსი EUR/GBP, თუ მოცემული გვაქვს EUR/USD = 1.2045 და GBP/USD = 1.7505. ამ შემთხვევაში ორივე კურსი წარმოადგენს არაპირდაპირ კოტირებას, ამიტომ, EUR/GBP –ის გამოთვლისათვის პირველი უნდა გავყოთ მეორეზე, მივიღებთ EUR/GBP = 0.6881. კროს-კურსების გამოთვლის გასამარტივებლად უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად: 1) უნდა განვსაზღვროთ კროს-კურსის საბაზისო ვალუტა. მაგალითად, ჩვენს მაგალითში გვინდოდა გამოგვეთვალა EUR/GBP და არა GBP/EUR, ანუ, საბაზისო ვალუტად ავირჩიეთ ევრო. 2) თუ ერთ კოტირებაში აშშ დოლარი მოცემულია წილადის მნიშვნელში (EUR/USD) და მეორე ვალუტაში მრიცხველში (USD/CHF), მაშინ, კურსები უნდა გავამრავლოთ. თუ ორივე კოტირებაში აშშ დოლარი მოცემულია მნიშნველში, ან მრიცხველში ((EUR/USD და GBP/USD ან USD/CHF და USD/JPY), მაშინ კურსები უნდა გაიყოს იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვალუტა გვინდა დავტოვოთ საბაზისოდ. |
|
|
Powered by C Copyright Market Activity Development Association.
